ეპილეფსიური სინდრომები არის კლინიკური და ლაბორატორიული მახასიათებლების სპეციფიკური ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი ფენომენების ურთიერთთანხვედრას:
- გულყრის გამოვლენის ფორმა ან ფორმები;
- პირველი გულყრის გამოვლენის ასაკი;
- გულყრის გამომწვევი მიზეზები;
- თავის ტვინის უბანი, რომელიც ჩართულია გულყრის გამოვლენაში;
- ფაქტორები, რაც აპროვოცირებს გულყრის გამოვლენას;
- გულყრების სიხშირე და მათი დღე-ღამური გადანაწილება;
- მკურნალობისადმი გულყრების დაქვემდებარება;
- ელექტროენცეფალოგრაფიული, თავის ტვინის ვიზუალიზაციური და გენეტიკური კვლევების მონაცემები;
- სხვა სამედიცინო მდგომარეობების თანაარსებობა;
- დაავადების მიმდინარეობა და პროგნოზი.
ეპილეფსიური სინდრომები
ვესტის სინდრომი / ინფანტილური სპაზმები - რომელიც ხასიათდება ეპილეფსიური გულყრების გამოვლენით ადრეულ ასაკში, კერძოდ 3 თვიდან 1 წლამდე ასაკში და ვლინდებოდეს გულყრის ტიპებით - თავის უეცარი და სწრაფი ჩაქინდვრებით, მკლავების ასევე სწრაფი მოხრითი მოძრაობებით, რომელიც, როგორც წესი, გრძელდება რამოდენიმე წამის განმავლობაში, და ახასიათებს სპეციფიკური ეეგ-ცვლილებები. ვესტის სინდრომის დროს, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვის ნეიროგანვითარება მნიშვნელოვნად ჩამორჩება ასაკობრივ ნორმებს. ინფანტილური სპაზმი შეიძლება წინ უძღოდეს შემდგომში სხვა ტიპის ეპილეფსიური გულყრების განვითარებას.
ლანდაუ - კლეფნერის სინდრომი - ეპილეფსიის იშვიათი ფორმაა. ასევე ცნობილია, როგორც პროგრესირებადი ეპილეფსიური აფაზია და აფაზია კონვულსიური დარღვევით. ახასიათებს გულყრების დაწყება 2-დან 8 წლამდე პერიოდში. სპეციფიკური გულყრის ტიპი - მეტყველების ნელი უეცარი გადასვლა გაუგებარ მეტყველებაში ან მეტყველების შეუძლებლობა, რომელიც შეტევის შემდეგ თანდათან უბრუნდება საწყის მდგომარეობას. აღნიშნული სინდრომი რთულად ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას და გავლენას ახდენს ზოგად ინტელექტუალურ ფუნქციონირებაზე.
ლენოქს გასტოს სინდრომი - ხასიათდება სხვადასხვა ტიპის გულყრების მონაცვლეობით, ხშირად ახლავს ინტელექტუალური სფეროს განვითარების შეფერხება, გულყრები რთულად ექვემდებარება მკურნალობას და ადამიანი საჭიროებს მუდმივ ეპილეფტოლოგიურ მეთვალყურეობას.