ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა, ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც ჰქონია გულყრა, მიმართოს ექიმს. პირველადი მიმართვა, როგორც წესი, ხდება ოჯახის ექიმთან ან/და პედიატრთან/ზოგადი პროფილის ექიმთან. ეპილეფსიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ექიმი ადამიანს ამისამართებს ნევროლოგთან ან ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებში კარგად გათვითცნობიერებულ სპეციალისტთან - ეპილეფტოლოგთან.
პირველი ვიზიტის დროს ექიმი გულყრის მქონე ადამიანისა და თვითმხილველისგან ითხოვს გულყრის ეპიზოდის სრულ და დეტალურ აღწერას - გულყრის მქონე ადამიანს, ხშირად ჰგონია, რომ გულყრის შესახებ შეუძლია დაწვრილებითი ინფორმაციის გადმოცემა, მაგრამ, როდესაც გულყრა მიმდინარეობს დათრგუნული/დაკარგული ცნობიერების ფონზე, სპეციალისტისთვის გულყრის მიმდინარეობის პროცესში აღმოცენებული მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი მისთვის შეუცნობელია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ექიმთან ვიზიტის დროს ადამიანს თან ახლდეს მისი გულყრის/ების თვითმხილველი პირიც, ვინც უშუალოდ შეესწრო გულყრის მიმდინარეობას და შეუძლია ამ პროცესის დეტალური აღწერა. ექიმს აინტერესებს არა მხოლოდ უშუალოდ გულყრის მიმდინარეობა, არამედ გულყრის წინა და გულყრის შემდგომი პერიოდების მოვლენებიც; პირველადი გასინჯვის შემდეგ ექიმი უარყოფს ეპილეფსიური გულყრის არსებობას, ან ეჭვი მიაქვს ეპილეფსიის არსებობაზე და საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. რისთვისაც მას აგზავნის სპეციალიზებულ დაწესებულებაში ეპილეფსიის დიაგნოსტიკის მიზნით.
ეპილეფსიის დიაგნოსტიკის პროცესი რთული და კომპლექსური კვლევების ერთობლიობაა, რაც მოითხოვს სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობას,
ძირითადი კვლევები, რაც გამოიყენება ეპილეფსიის დიაგნოსტირების პროცესში არის შემდეგი:
● ნევროლოგიური/ეპილეფტოლოგიური გასინჯვა - ექიმი-ნევროლოგი ატარებს პაციენტის ნევროლოგიურ კონსულტაციას: დაწვრილებით აგროვებს ანამნეზს (დაავადების ისტორიას), ოჯახურ ანამნეზს (ოჯახის წევრების დაავადებები), ათვალიერებს ადამიანის კანს, აკვირდება მის სიარულსა და მოძრაობებს, იკვლევს რეფლექსებს, დეტალურად ადგენს გულყრის სახეს/ტიპებს და შეიმუშავებს კონკრეტული პირისთვის ინდივიდური კვლევის გეგმას;
● რუტინული ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა (ეეგ) - ე.წ. თავის ელექტრული აქტივობის ტესტი - ეპილეფსიის შემთხვევაში ის ისეთივე უვნებელი და აუცილებელი კვლევაა, როგორც გულის დაავადებების დროს ელექტროკარდიოგრამა. ეეგ იკვლევს თავის ტვინის ელექტრულ აქტივობას და გულყრასთან დაკავშირებულ ელექტრულ ცვლილებებს, პროცედურის დროს ადამიანის სკალპზე (თავის ქალის კანი), წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით მაგრდება ელექტროდები, რომლებიც აფიქსირებს თავის ტვინის უჯრედების (ნეირონების) ფუნქციობას, რაც სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით (ელექტროენცეფალოგრაფი) გამოისახება კომპიუტერის მონიტორზე ან სპეციალურ ფურცელზე (მოძველებული მეთოდი) გრაფიკული ჩანაწერის სახით და ასახავს თავის ტვინის ნეირონების ელექტრულ აქტივობას. ეეგ-ჩანაწერის ინტრეპრეტირება (გაშიფვრა) ხდება ნევროლოგის - კლინიკური ნეიროფიზიოლოგის მიერ, რომელიც კარგად ერკვევა ეპილეფსიის კლინიკურ საკითხებში;
● ხანგრძლივი ვიდეო-ეეგ მონიტორინგი - ეპილეფსიური გულყრის არსებობისას, შემთხვევათა 30-40%-ში, რუტინულ ეეგ-ზე პათოლოგია არ ფიქსირდება, რაც ართულებს ეპილეფსიის დიაგნოსტიკას. ამიტომ, ასეთ დროს მოწოდებულია ხანგრძლივი ეეგ-კვლევის მონიტორირება (რამდენიმე საათი/რამდენიმე დღე) და პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობაზე (უკეთეს შემთხვევებში - გულყრებზე) დაკვირვება. ეს მეთოდი განსაკუთრებით ღირებულია ეპილეფსიური გულყრებისა და სხვა მსგავსი მდგომარეობების სადიფერენციაციოდ;
● ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევა - ეპილეფსიის დიაგნოსტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ფსიქიკური ფუნქციების გამოკვლევა, რომელსაც, როგორც წესი, ნეიროფსიქოლოგები ახორციელებენ. ნეიროფსიქოლოგია ფსიქოლოგიის ქვედარგია, რომელიც შეისწავლის ფსიქიკურ ფუნქციონირებას თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურის ფუნქციონირებასთან მიმართებაში. ეპილეფსიის ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ფსიქიკური ფუნქციების სკრინინგი რათა შეფასდეს გულყრის შესაძლო ზეგავლენა ადამიანის შემეცნებით პროცესებზე (მაგ., აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, მეტყველება, აზროვნება), ქცევასა და ემოციებზე. ზოგ შემთხვევაში, მკურნალი ექიმი-ეპილეფტოლოგი, ადამიანის ინდივიდური საჭიროებებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს გაღრმავებულ ნეირფსიქოლოგიურ გამოკვლევას სპეციფიკური ტესტების გამოყენებით;
● თავის ტვინის ნეიროვიზუალიზაციის მეთოდები - თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა (MRI).
- CT - კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), ეფუძნება თავის ტვინის სტრუქტურული გამოსახულების მიღებას რენტგენის სხივების (X-Rays) გამოყენებით, აუცილებელი კვლევაა გულყრის გამოვლენის მწვავე პერიოდში თავის ტვინის სიმსივნეების, სისხლის მიმოქცევის მოშლისა და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების (ინსულტი, ანევრიზმა), თავის ტრავმული დაზიანებების ან თავის ტვინის კისტური წარმონაქმნების დიაგნოსტირების მიზნით, რაც შესაძლოა, ეპილეფსიური გულყრების გამომწვევი მიზეზი იყოს.
- MRI - თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა (მრგ) - ტვინის ქსოვილის შრეობრივი გამოსახულების მისაღებად იყენებს ძლიერ მაგნიტურ ველს და რადიოტალღებს. ეპილეფსიის მქონე პირების შემთხვევაში მრგ-კვლევას მნიშვნელოვანი უპირატესობა ენიჭება კტ-კვლევასთან შედარებით. გარდა იმისა, რომ კვლევა ინიშნება თავის ტვინის ნებისმიერი დაავადებისა თუ დაზიანების გამოვლენის/გამორიცხვის მიზნით, მისი მეშვეობით შესაძლებელია თავის ტვინის ისეთი პათოლოგიების გამოვლენაც, რომელთა აღმოჩენაც შეუძლებელია კტ-კვლევით და წარმოადგენს ეპილეფსიური გულყრების გამომწვევ მიზეზს.
- fMRI - ე.წ. ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა მნიშვნელოვანი მეთოდია ეპილეფსიური გულყრის დასაწყისი კერის დადგენის მიზნით. კვლევა ტარდება ჩვეულებრივი მრგ-აპარატით სპეციალურ ფსიქოლოგიურ ტესტირებასთან ერთად. ფსიქოლოგიური ტესტირების პროცესში თავის ტვინის ფუნქციური აქტივობისა და ამ აქტივობისთვის ტვინის სხვადასხვა უბნის მიერ გლუკოზის ათვისების ხარისხის მიხედვით დგინდება პათოლოგიური უბნის ადგილმდებარეობა.
● სისხლის ანალიზები - გამოიყენება გულყრის გამომწვევი კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობების გამოსავლენად ან/და გამოსარიცხად;
● სხვა კვლევები - ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგჯერ აუცილებელია სხვა კვლევების ჩატარებაც, მაგალითად, ელექტროკარდიოგრაფია, ძილ-ღვიძილის ციკლის კვლევა (პოლისომნოგრაფია) და სხვა.