მიუხედავად იმისა, რომ გულყრა, შეიძლება განვითარდეს უეცრად, ყველანაირი მაპროვოცირებელი მიზეზის გარეშე, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გულყრას ჰქონდეს მაპროვოცირებელი მიზეზი ე.წ. „ტრიგერი“, რომელიც ზრდის გულყრის აღმოცენების ალბათობას. მაპროვოცირებელი ფაქტორის გამოვლენა და დადგენა ადამიანს ეხმარება გულყრის თავიდან ასაცილებელი (პრევენციის) პირობების შერჩევაში, რადგან, როდესაც ადამიანისთვის ცნობილია გულყრის მაპროვოცირებელი სიტუაცია, ცხოვრების რეჟიმი და სტილი, იგი ირჩევს ისეთ პირობებს, რომელიც ნაკლებ სარისკოა გულყრის გამოვლენის კუთხით.
ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებადი “ტრიგერებია”:
- მკურნალობის რეჟიმის დარღვევა (თვითნებურად მედიკამენტის მიღების შეწყვეტა, გამოტოვება, დოზის შემცირება ან წამლის შეცვლა);
- ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევა, უძილობა;
- შიმშილი, კვების რეჟიმის დარღვევა, ვიტამინების და მინერალების კვებითი დეფიციტი; საკვების მიღების არაჯანსაღი წესი (მაგ.: დიდი ხნის განმავლობაში შიმშილი, დეჰიტრადაცია);
- ცხელებით ან ცხელების გარეშე მიმდინარე თავის ტვინის დაავადებები ;
- ფსიქოლოგიური სტრესი;
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
- წამლებისა და ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენება;
- მედიკამენტების/კვებითი დანამატების გამოყენება, რომლებიც აქვეითებენ ეპილეფსიური მედიკამენტების ეფექტურობას;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები, რეპროდუქციული სისტემის დაავადებები ან ჰორმონული ცვლილებები;
- მოციმციმე შუქები;
- კონკრეტული აქტივობები, ხმაური.