აუტიზმის სპექტრის აშლილობა მდგომარეობაა, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების დარღვევასთან, რაც გავლენას ახდენს სოციალურ ურთიერთობასა და კომუნიკაციის სფეროზე. ამ დიაგნოზის ქვეშ ერთიანდება მახასიათებლების ფართო სპექტრი - სიმწვავის სხვადასხვა ხარისხით.
მე-20 საუკუნის შუა რიცხვებამდე აუტიზმის სპექტრის აშლილობის შესახებ ცოდნა ძალიან მწირი იყო. ის განიხილებოდა, როგორც შიზოფრენიის ერთ-ერთი სახე და არა როგორც ცალკე მდგომი დიაგნოზი. კენერი იყო პირველი, ვინც ეს დარღვევა შიზოფრენიისგან გამოყო, ცალკე მდგომარეობად აღწერა და აუტიზმი უწოდა. ამის შემდეგ დაიწყო მდგომარეობის უკეთ შესწავლა და დიაგნოსტიკური კრიტერიუმების შემუშავება, დახვეწა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც კენერმა მდგომარეობას აუტიზმი უწოდა, ბევრჯერ შეიცვალა დიაგნოზის სახელწოდება და კლასიფიკაცია. დღეისათვის მას ეწოდება აუტიზმის სპექტრის აშლილობა და აერთიანებს დარღვევებს, რომელთაც ადრე მოიხსენიებდნენ, როგორც ინფანტილური აუტიზმი, ბავშვობის პერიოდის აუტიზმი, კენერის სინდრომი, ასპერგერის სინდრომი, მაღალფუნქციური აუტიზმი, ატიპიური აუტიზმი, განვითარების პერვაზიული აშლილობა, ბავშვობის დეზინტეგრაციული დარღვევა.